თამუნა ჩიჩუას ენეაგრამა

თამუნას გაცნობის პირველი შთაბეჭდილება: გიჩნდება განცდა, რომ ზღვაზე მზის ამოსვლის პეიზაჟს უყურებ. Wow, ლამაზია, ესთეტიური და ბუნებრივად გემოვნებიანი. ბუნება საუკეთესო მხატვარიაო რომ იტყვიან, სწორედ ასეთი. მერე და მერე, მასთან ურთიერთობისას ზღვის უკიდეგანობა, უსასრულობა და სიმშვიდე შემოდის. ნელ-ნელა იძირები, მაგრამ ისე არა, რომ დაიხრჩო. მასთან ურთიერთობისას გგონია, რომ საუკეთესო მოცურავე ხარ, ის ხარ ვინც ცხოვრების ტალღებში წარმატებით გაუმკლავდება.

სწორედ ეს არის თამუნას განსაკუთრებული უნარი – შენი თავის საუკეთესო ვერსიას გაჩვენებს. ხომ არსებობს ისეთი სარკეები, რომელიც ახდუნებს – იყურები შიგნით და მოგწონს შენი თავი. თამუნა სარკეა, რომელშიც „იდეალური მეს“ ანარეკლს ხედავ.

პირველად გროუინში შევხდი. პირველივე წუთიდან იმდენად ღია და გულწრფელი იყო, რომ რამოდენიმეჯერ დავფიქრდი კიდეც “ნამდვილად პირველი შეხვედრაა? ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ხომ არ ვართ?”-მეთქი. მეგობრობის ვერსიის გამორიცხვის შემდეგ (ფაქტი იყო, რომ პირველად ვხედავდი) თავდაჯერებულობის განცდა მოვიდა: „ნუთუ ასეთი საიმედო და სანდო ვარ, რომ პირველ შემხვედრს შეუძლია ასე გულახდილად ისაუბროს ჩემთან“. ვგრძნობდი, რომ ეს ფიქრი, რომელიც რეალურ ფაქტს ეფუძნებოდა, მაძლიერებდა და მზრდიდა. საბოლოდ, საუბარი საქმიან ნაწილთან ერთად, თერაპიული ხასიათისაც აღმოჩნდა – მე მომეწონა ის ილია, რომელსაც თამუნა ეკონტაქტებოდა. ის ილია რეალურზე უკეთესი ილია იყო.

რა დგას ყველაფერი ამის უკან, რა ფსიქოლოგიური ფენომენი უდევს საფუძვლად მის ამ უნარს, დაგანახოს უკეთესი შენი თავი ?

ენეაგრამას მიხედვით, თამუნა არის ინდივიდუალისტი, ანუ 4-იანი. ეს ერთ-ერთი ყველაზე ღრმა, ფაქიზი და დახვეწილი ენეანიშანია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ესთეტიკა და ავთენტურობა. მას ახასიათებს ყველაფერი უნიკალურის ძიება საკუთარ თავში და ადამიანებში.

უნიკალურობის აღმოჩენით მას ბუნდოვან ერთფეროვნებაში სინათლე შემოაქვს – ამ გზით ის ქმნის სიმშვიდეს. ინდივიდუალისტებს შეუძლიათ კარგის დანახვა ადამიანში, რადგან სჯერათ რომ სიკეთე ღვთაებრივი საწყისია ადამიანში.

მათთვის პრიორიტეტულია ფოკუსირება ემოციებსა და შეგრძნებებზე, ამიტომ კარგად შეუძლიათ სხვების ემოციების დანახვა/ამოცნობა, ისინი გამოირჩევიან მაღალი ემოციური კომპეტენტურობით.

ინდივიდუალისტი ექსპრესიული ენეანიშანია, მას არ შეუძლია არ გამოხატოს ვერბალური ან არავერბალური სახით ყველაფერი ის, რასაც გრძნობს, რასაც განიცდის. ღიაობა და გამჭვირვალობა მას ბუნებრივად გამოსდის. 4-იანების უმეტესობას სახეზე ემჩნევა ყველა ის ემოცია რაც მათში ტრიალებს, მათი ნაწილი კი საუბარშიც გამოხატავს შინაგან განცდებს.საინტერესო ის ფაქტი, რომ ინსპირაციის უნარი, რომელიც თამუნას აქვს “დაინახე გამოხატე”-ს პრინციპს ეყრდნობა. და როდესაც ვინმე შენში დადებითს ხედავს და აღნიშნავს, შენდა უნებურად ხდები საკუთარი თავის ის უკეთესი ვერსია, რომელიც სხვებმა დაინახეს. შეძახილს, როგორც ხის გახმობა, ისე გამხმარი ხის გაცოცხლება შეუძლია.

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, ფსიქიატრის ირვინ იალომის სიტყვებს რომ გავყვეთ (რომელიც ასევე 4-იანია ენეაგრამას მიხედვით) „ნუ შემოხსნით პაციენტს ილუზიის საფარველს, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ რეალობის სიცივეს გაუძლებს.“ თამუნასთან ურთიერთობისას ისეთ მყუდრო გარემოს გრძნობ, რომ გგონია ვერანაირი რეალობის სიცივე ვეღარ დაგირღვევს კომფორტს.

 

 

(Visited 94 times, 1 visits today)